ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, მომდევნო 4 წლის ვადით, მუსიკოსი, ქორმაისტერი ირინე ლომინაძე დაინიშნა. „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი ამ პოზიციას მიმდინარე წლის 4 ივნისიდან დაიკავებს. შესაბამისი ბრძანება დღეს გამოიცა.
ირინე ლომინაძის პროფესიული საქმიანობა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრს 2015 წლიდან უკავშირდება. იგი 2015 წლიდან დღემდე ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. 2013-2014 წლებში კი გახლდათ თეატრის მთავარი ქორმაისტერი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში საგუნდო განყოფილების პედაგოგად, საგუნდო განყოფილების ციკლობრივი მეთოდკომისიის თავმჯდომარედ და გამგედ. წლების განმავლობაში იყო ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კამერული გუნდის დირიჟორი, მიმდინარე წლიდან კი ქუთაისის კამერული გუნდის დირიჟორია.
2021 წლიდან ირინე ლომინაძე კულტურის მინისტრის ინიციატივით შექმნილ ქუთაისის ოპერის თეატრის აღორძინების პროექტს უდგას სათავეში.
ირინე ლომინაძის სამხატვრო ხელმძღვანელობის პერიოდში ქუთაისის ოპერის თეატრში არაერთი წარმატებული პრემიერა შედგა. მათ შორის: ვ. დოლიძის ,,ქეთო და კოტე”, ზ. ფალიაშვილის ,,დაისი”, ჯ. ვერდის ,,ტრავიატა”, პ. მასკანის „სოფლის ღირსება“, ჯ. ვერდის ,,რიგოლეტო”, გ. ჩლაიძის ,,დარისპანის გასაჭირი”, ჯ. პუჩინის ,,ტოსკა”, ბ. კვერნაძის ,,იყო მერვესა წელსა” და სხვა.
ინფორმაციისთვის - ირინე ლომინაძე ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მომდევნო 4 წლის ვადით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში დანიშნა.