ქუთაისში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ესწრებოდნენ.
ღონისძიება მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კალიგრაფიის კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულთა დაჯილდოება.
კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული სამი მასწავლებელი და სამი მოსწავლე გამოვლინდა.
მოსწავლეებიდან პირველი ადგილი თამარ ჩაფიჩაძეს, მეორე ადგილი მარიამ ესებუას, ხოლო მესამე ადგილი თეკლა მორჩაძეს ერგო.
პედაგოგებიდან პირველი ადგილი მაკა ბარდაველიძემ, მეორე ადგილი სოფიო ბოყოველმა და მესამე ადგილი ნატო დანგაძემ დაიმსახურა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა ნუგეშა გაგნიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „გრიგოლ რობაქიძის ლირიკა“.
მუზეუმში ასევე გამოფენილი იყო ქუთაისელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი პირველი ქართული ბოდიფონტის ნიმუშები.
" ქუთაისის მუნიციპალიტეტი , ტრადიციულად, ატარებს კალიგრაფიის კონკურსს, რომელიც დედა ენის დღეს ეძღვნება. ჩვენმა პედაგოგებმა და მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს წლევანდელ კონკურსში და ულამაზესი ქართული ხელნაწერები შექმნეს. მათ შორის 6 საუკეთესო გამოვავლინეთ და დავაჯილდოვეთ. ამით გვინდა ხელი შევუწყოთ ქართული ენის დაცვას და მის პოპულარიზაციას,,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.