ქუთაისის ოპერის თეატრში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა. წელს კონკურსი ქართული საკომპოზიტორო სკოლის და პროფესიული მუსიკალური განმანათლებლობის ერთ-ერთი ფუძემდებლის მელიტონ ბალანჩივაძის დაბადებიდან 160-ე წლისთავს ეძღვნება.
კონკურსი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ტარდება, დამფუძნებელი და ორგანიზატორია ა(ა)იპ ,,არტ-ლიგა“.
საერთაშორისო კონკურსის გახსნას ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საშემსრულებლო ხელოვნებაში დამკვიდრებულ თანამედროვე ტენდენციებთან მეტად დაახლოების, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების, კონკურენტული არეალის გააქტიურებისა და გაფართოების მიზნით, 2022 წლის საერთაშორისო კონკურსი მხოლოდ ფორტეპიანოს პროფილით ტარდება.
კონკურსანტებს შეაფასებს კომპეტენტური საერთაშორისო ჟიური.
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი 17 დეკემბერს დაიხურება.