ქუთაისის ოპერის თეატრს გამოჩენილი მომღერალი, საოპერო რეჟისორი, იმპრესარიო ორლინ ანასტასოვი ეწვევა. მიზანი საერთაშორისო თანამშრომლობის დაწყებაა.
გამოჩენილი ბულგარელი მომღერლის (ბანი) ორლინ ანასტასოვის დებიუტი 20 წლის ასაკში შედგა რუსეს (ბულგარეთი) ოპერის სახელმწიფო თეატრში ვერდის „აიდაში“ ეგვიპტის ფარაონის როლით. საოპერო მომღერლების ოჯახში დაბადებულმა და აღზრდილმა ანასტასოვმა იმთავითვე მიიქცია ფართო საზოგადოების ყურადღება. 1998 წელს მომღერალმა მოიპოვა ჰრისტო ბრამბოვის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემია. მისი მზარდი საერთაშორისო კარიერის აღმავალობას დიდად შეუწყო ხელი 1999 წელს პლასიდო დომინგოს კონკურსში „OPERALIA”-ში გამარჯვებამ, რომლის პირველი პრემიის ლაურეატი გახდა 23 წლის მომღერალი. ამავე წელს შედგა ანასტასოვის დებიუტი მილანის „ლა სკალას“ სცენაზე დონიცეტის „სევილიელ დალაქში“ დონ ბაზილიოს როლში. საგულისხმოა, რომ ორლინ ანასტასოვი ყველაზე ახალგაზრდა ბანია რომელსაც ოდესმე უმღერია ამ თეატრში. შემდგომ წლებშიც არაერთხელ წარსდგა მომღერალი ამ თეატრის მსმენელთა წინაშე. ორლინ ანასტასოვს, რომლის რეპერტუარი უზარმაზარი და ყოვლისმომცველია, მრავალჯერ აქვს ნამღერი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ თეატრებში: ლონდონის „კოვენთ გარდენში“, ნიუ იორკის „მეტროპოლიტენ ოპერაში“, ვენის „შტაატსოპერაში“, პარიზის „გრანდ ოპერაში“, მადრიდის სამეფო ოპერაში, ლისაბონის „ლისეოში“, პალერმოს თეატრში „მასსიმო“, „არენა დი ვერონაში“ და ა.შ.