ეროვნული მუზეუმის გუნდი იტალიელ კოლეგებთან ერთად გამოფენის მზადების პროცესშია. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი გამოფენას “სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი” 18 ივლისიდან უმასპინძლებს. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი პომპეის არქეოლოგიური პარკიდან მრავალფეროვან არქეოლოგიურ მასალა სიხილავს .
გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება.
საქართველოში დამთვალიერებელი პირველად ნახავს ანტიკური სამყაროს ისტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდს, რომელიც ახ. წ. 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარული ძველი რომის დიდებული ქალაქის – პომპეის ისტორიას ასახავს. პომპეი, როგორც კარგად შემონახული ქალაქი, ანტიკური კულტურის კვლევის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
ვანის მუზეუმში მოსულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, იხილოს პომპეის სახელგანთქმული კედლის მხატვრობის ნიმუშები და სახლის სხვადასხვა ნაწილში (ატრიუმი, ტრიკლინიუმი, პერისტილი, ლარარიუმი, ბაღი) აღმოჩენილი მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა. ექსპოზიციაზე განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ოქრომჭედლობის ნიმუშებს. ასევე, წარმოდგენილია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის მოდელები. მუზეუმის ვიზიტორი გადაინაცვლებს სამყაროში, რომელიც აცოცხლებს ანტიკური ეპოქის იტალიის ერთი ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას ახ. წ. I საუკუნეში.
გამოფენა დამთვალიერებელს 18 ივლისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე უმასპინძლებს.
გამოფენის მხარდამჭერია: თიბისი, იტალიური კომპანია "Glocal Project Consulting", საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, „წინანდლის მამული"; საინფორმაციო მხარდამჭერია საქართველოს პირველი არხი.