საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის.
როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ტარიფის მატების საფუძველი ამ ეტაპზე კომისიას არ აქვს.
„მარეგულირებელ კომისიას დადგენილი აქვს როგორ ელექტროენერგიის, ასევე, ბუნებრივი გაზის ტარიფები. ამ ეტაპისთვის რაიმე სახის მოცემულობა არ გვაქვს, რომელიც იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ტარიფები გაგვეზარდა. ამდენად, როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე ენერგეტიკის სექტორში ჩვენ ვინარჩუნებთ სამომხმარებლო ტარიფებს და ამ გადმოსახედიდან ტარიფების ზრდის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა ნარმანიამ.
ამასთან, ნარმანიამ ისაუბრა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ არსებულ პრეტენზიებზე. როგორც მან აღნიშნა, კომპანიას ამორტიზებული და მოძველებული ინფრასტრუქტურის შესაცვლელად მეტი ინვესტიცია სჭირდება.
„მარეგულირებელმა კომისიამ დაამტკიცა GWP-ის საინვესტიციო გეგმა, როცა ტარიფი დადგინდა, შესაბამისად, ამ საინვესტიციო გეგმის ფარგლებში როგორც თბილისში, ასევე რუსთავსა და მცხეთაში, სადაც კომპანია ოპერირებს, უნდა მოაწესრიგოს მოძველებული ინფრასტრუქტურა. შესაბამისი მიმართულებები, პროექტები უკვე დამტკიცებულია და კომპანია ამას მოჰყვება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ქსელის დიდი ნაწილი არის ამორტიზებული, უფრო მეტი ინვესტიცია და სხვა ტიპის მენეჯმენტი სჭირდება. ამდენად, მისასალმებელია ის, რომ გამოცდილი ევროპული კომპანია შემოვიდა GWP-ის წილში და შესაბამისად, ამ კომპანიის გამოცდებით და ადგილობრივი რესურსებით შესაძლებელი იქნება მეტად მოწესრიგდეს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ქვეყანაში. მოსმენები მარეგულირებელ კომისიაში პერიოდულად მიმდინარეობს, ვუსმენთ GWP-ის, ისევე, როგორც სხვა კომპანიებს. ვაძლევთ მითითებებს, საჭიროების შემთხვევაში ვიყენებთ კიდეც სანქცირების მექანიზმებს. მარეგულირებელ კომისიას აქვს თავისი დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგს მივყვებით“, - განაცხადა ნარმანიამ.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის დანადგარების გადაცემის პროცესს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და სქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდნენ.
პროგრამის „ქართული ჩაი“ ფარგლებში, იმერეთისა და გურიის რეგიონში მოქმედ 6 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ჩაის წარმოებისათვის საჭირო დანადგარები, ჩაის საღნობი, საგრეხი როლერი და საშრობი კარადა გადასცეს, სახელმწიფო თანადაფინანსება 329,460 ლარია.
,,იმერეთის რეგიონი ტრადიციულად ლიდერი იყო და დღესაც ლიდერია ჩაის წარმოებაში. შესაბამისად ჩვენ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩაის კულტურა აღდგეს, გაგრძელდეს და შენარჩუნდეს. ბევრია სამუშაო კიდევ უფრო მეტი რესურსი, რომ გამოვიყენოთ. სახელმწიფო მზად არის ასეთი პროგრამებით დაუდგეს გვერდით ყველა კოოპერატივს თუ ფერმერს, რომელიც ჩაერთვება სოფლის მეურნეობაში და შექმნის დოვლათს ჩვენს ქვეყანაში“ - ზვიად შალამბერიძე.
,,იმერეთის, გურიის და სამეგრელოს რეგიონში მოქმედ ექვს კოოპერატივს გადავეცით დანადგარები, რომელთა მეშვეობითაც ისინი შეძლებენ საკუთარ ფართობში მოყვანილი მაღალხარისხიანი ჩაის გადამუშავებას. რითაც, ერთი მხრივ, გააიაფებენ თვითღირებულებას, მეორე მხრივ, შეძლებენ მოემსახურონ კოოპერატივის ირგვლივ არსებულ პლანტაციებს, რომ შეძლონ ერთგვაროვანი, მაღალხარისხიანი, პრემიუმ კლასის ჩაით უზრუნველყონ როგორც საქართველოს ბაზარი, ისე განახორციელონ ექსპორტი მსოფლიო ბაზარზე“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.
პროგრამის ფარგლებში, ჩაის წარმოებისათვის საჭირო 643 000 ღირებულების დანადგარები, ჯამში 14 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა.
სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი” ფარგლებში აღნიშნულმა ბენეფიციარებმა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, 210 ჰა-ზე იჯარით და საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოახდინეს, რისთვისაც სახელმწიფოსგან, თანადაფინანსების სახით 375 000 ლარზე მეტი მიიღეს.
საქართველოს მასშტაბით, პროგრამაში „ქართული ჩაი“ 53 ბენეფიციარია ჩართული. სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 1,670 ჰექტარს შეადგენს, ჯამური ინვესტიცია 4,862,629 ლარია, საიდანაც 3,383,081 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა.
პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიოჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.