ქვეყნის მასშტაბით ხანძარი 6 ლოკაციაზე ფიქსირდება.
ღამის განმავლობაში ახალი კერა გაჩნდა იმერეთში, საჩხერეში, სოფელი ვაკისაში. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი რკალზე. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა.
ღამის განმავლობაში კიდევ ერთი კერა გაჩნდა სამეგრელოში, მარტვილში, სოფელ ბალდაში, იმ ფერდის სიახლოვეს, სადაც მეხანძრე-მაშველებმა ორი დღის წინ ჩააქრეს ხანძარი. აღნიშნულ კერაზე ღამე მოხდა რეაგირება და ამ დრომდე მიმდინარებს სალოკალიზაციო სამუშაოები. ბალდას გარდა, ერთი კერაა დობერაზენში და ორი წალენჯიხაში, სოფელ სქურში. სქურში ორივე კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ხანძარი ლოკალიზებულია შიდა ქართლში. კასპში, რკონის ხეობაში კერებთან მიყვანილია წყლის მაგისტრალები და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.
ქვეყნის მასშტაბით ამ
დროისთვის მინდვრის და ტყის ხანძრების ქრობაში ჩართულია 500 მეხანძრე-მაშველი. არსებული 6 კერიდან 3 ლოკალიზებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.
ადვოკატები და პატიმრების ოჯახის წევრები, ამნისტიის აქტის გადახედვას მოითხოვენ. მათი თქმით, კანონში შესული ცვლილებები პატიმრების უმრავლესობას არ ეხება.აქციის მონაწილეების განცხადებით, საჭიროა კანონი ყველა კატეგორიის პატიმარს შეეხოს.
,,მოვითხოვ, რომ ყველა პატიმარს შეეხოს სასჯელის შემსუბუქება ერთი მეოთხედით მაინც. მყავს პატიმარი შვილი, 22 წლის ბიჭი, რომელიც ამ კანონს დიდი სიხარულით ელოდებოდა. კანონი შეეხო ისეთ მუხლებს, რომელიც არ არის მძიმე. ჩემს შვილს მისჯილი აქვს 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.მას ამნისტია არ შეეხო, რასაც ვაპროტესტებ,,-აცხადებს ხატია მდივანი,ერთ-ერთი პატიმრის დედა.
ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ათამდე პატიმარმა ამნისტიის კანონპროექტის გადახედვისა და გაცილებით ფართომაშტაბიანი ამნისტიის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.
მმართველმა გუნდმა ამნისტიის შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიიღო, კანონი სისხლის სამართლის კოდექსის 45-ზე მეტ მუხლს ეხება, საუბარია იმ დანაშაულზე, რომლებიც ნაკლებად მძიმეა.