ქალთა ფონდმა „სოხუმმა“, USAID-ის მხარდაჭერით, 6 სამიზნე მუნიციპალიტეტში მონიტორინგი განახორციელა თემაზე - „ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში - არსებული ბარიერები და შესაძლებლობები“.
კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის დამოკიდებულებების შესწავლა ქალის მონაწილეობის მიმართ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში. ანგარიშში ყურადღება გამახვილდა საზოგადოებაში გაბატონებულ შეხედულებებსა და სტერეოტიპებზე ქალის როლის შესახებ, შემაფერხებელ ბარიერებსა და ხელისშემწყობ ფაქტორებზე.
„საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობა, არა მარტო სოციალური სამართლიანობის უზრუნვეყოფის და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის საზომს წარმოადგენს, ის ზოგადოებრივი კეთილდღეობის დამკვიდრების და ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ქალებს, მათი გამოცდილებიდან და გენდერული როლებიდან გამომდინარე, გააჩნიათ განსხვავებული ხედვა და მიდგომა მთელი რიგი საკითხების მიმართ. მაგალითად, ქალები კარგად გრძნობენ არსებული ეკოლოგიური, ინფრასტრუქტურული, თუ ეკონომიკური პრობლემების ნეგატიურ გავლენას, როგორც მათ, ასევე მათი ოჯახებისა და შვილების ცხოვრებაზე, ისინი უშუალოდ უპირისპირდებიან ჩვენ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს, ოჯახებში ქალთა მიმართ ძალადობას. კარგად ესმით მარტოხელა დედების პრობლემები, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზაზე არსებული ბარიერები... შესაბამისად, აქვთ მკაფიო ხედვა მათ ცხოვრებაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად გასატარებელი აუცილებელი მოქმედებების შესახებ. დღეს აუცილებელია, მათი ხედვის მოსმენა და ინტეგრირება საკანონმდებლო საქმიანობაში, ეროვნული, ადგილობრივი თუ საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავებაში და ქალთა მონაწილეობისთვის, შესაბამისი გარემოსა და პირობების შექმნა, სახელმწიფოს უპირველესი პასუხისმგებლობა უნდა გახდეს“ - განაცხადა კვლევის ავტორმა, ეკატერინე გამახარიამ.
მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების შესახებ დეტალურ ინფორმაციას და მათ აღმოსაფხვრელად რეკომენდებულ მოქმედებებს შეგიძლიათ გაეცნოთ პუბლიკაციაში, რომელიც ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდის შემდეგ ბმულზე: http://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/genderi-meinstriming/item/12879-2022-09-30-15-48-37
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭომ, თემატური მოკვლევის - „ქალების წვდომა ფინანსურ რესურსებზე“ ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ზეპირი მოსმენა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ქალებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის ბარიერების შესწავლა და არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით პარლამენტისთვის და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის პოლიტიკის ინსტრუმენტების შემუშავების ხელშეწყობა.
მოსმენაში მონაწილე ქალთა ორგანიზაციებმა ისაუბრეს ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა: სახელმწიფო, მუნიციპალური, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამების შესახებ მოსახლეობის არასაკმარისი ინფორმირება, ქალის როლისა და მდგომარეობის მიმართ კვლავ არსებული სტერეოტიპული წარმოდგენები, ოჯახის ქალის ორმაგი დატვირთვა და აუნაზრაურებელი შრომა, ციფრული უნარ-ჩვევების სიმწირეზე, მეწარმეობის წამოსაწყებად არახელსაყრელი გარემო (მაღალი საბანკო სესხები და მოუქნელი უზრუნველყოფის საშუალებები, მაღალი გადასახადი, ქალთა საკუთრებაში უძრავი ქონების და მიწის აქტივების სიმწირე, შესაბამისი უნარების არ ქონა).
თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის შეხვერაში ქალთა ფონდი "სოხუმის" წამომადგენელი - ეკატერინე გამახარიაც იღებდა მონაწილეობას. მან თავის მოხსენებაში ფოკუსი დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებზე გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ ფინანსურ რესურსებზე ქალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების, სიღარიბესთან და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, არამედ მას ქვეყანაში მშვიდობის მშენებლობის და ნდობის აღდგენის საქმეში უდიდესი დატვირთვა აქვს.
„ქალს ეკონომიკურ გაძლიერებაში დღეს უამრავი ბარიერი ეღობება. მათ შორის, ყველაზე მწვავე საკითხებს გამოვყოფდი: შესაბამისი სოციალური ინფრასტრუქტურის არარსებობა - ქალთა სამუშაო გრაფიკზე მორგებული ბავშვთა სერვისების არარსებობა; სახელმწიფო ეკონომიკური პროგრამების შესახებ ქალების არასაკმარისი ინფორმირება და მათში ჩასართავად შესაბამისი უნარების არ ქონა; მაღალი საბანკო სესხები და გადასახადები; სოფლებში წყლის, გაზის, ტრანსპორტის, გზების პრობლემები, რაც ასევე აფერხებს ბიზნესის განხორციელებას; კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საქმეში არასაკმარისი ინვესტირება, სტრუქტურული ბარიერები, რაც აფერხებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ადამიანთა და ტვირთის გადაადგილებას,“ - ეკატერინე გამახარიამ კოლეგებს ფონდი „სოხუმის“ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შემუშავებული მონიტორინგის ანგარიშებში ასახული გამოწვევები გაუზიარა.
მისი აზრით, “დღეს, არა საუბრების, არამედ კონკრეტული მოქმედებების დროა! რადგან ვიდრე ჩვენ პრობლემებზე ვსაუბრობთ და ვბჭობთ, ქალების დიდი ნაწილი უშუალოდ უპირისპირდება უთანასწორობას, ძალადობას, დრომოჭმულ სტერეოტიპებს და ეკონომიკური დამოკიდებულების მთელ სიმწარეს... ბევრ მათგანს უწევს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გადარჩენისთვის... მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერ ქალებს შეუძლიათ საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზრუნვა, ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა, ძალადობასთან ბრძოლა, და მგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის შენება“...
შეხვედრის მსვლელობისას მონაწილეებმა იმსჯელეს პრობლემების დაძლევის კონკრეტულ გზებზე და ერთმანეთს საკუთარი მიგნებები და რეკომენდაციები გაუზიარეს.