შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოსთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.რ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება.
დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ივლისს, ტყიბულში, გელათის ქუჩაზე, წარსულში არსებული უთანხმოების გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ნაცნობი - 1987 წელს დაბადებული ა.ფ. სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. ამის შემდეგ კ.რ. შემთხვევის ადგილიდან მეგობრის - 1974 წელს დაბადებული ზ.ს.-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.რ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თბილისში, ბრალდებულის სახით დააკავეს. კ.რ.-ის მეგობარი - ზ.ს. კი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მომხდარიდან მალევე, პოლიციის მიერ ტყიბულში იქნა დაკავებული.
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტი მოიცავს ორი გადმოსახედის მშენებლობას, ასევე მიმდებარე ტერიტორიის სრულად განვითარებას.კერძოდ, მოეწყობა სკვერი, გაზონები, საფეხმავლო ბილიკები და პარკინგი ავტომობილებისთვის.
ინფრასტრუქტურულ პროექტზე მიმდინარე სამუშაოები ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ლაშა გოცაძესთან ერთად დაათვალიერა.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გოლდ ენდ ბრო“ ასრულებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 173 000 ლარს შეადგენს. მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. ჭიათურის შემოსასვლელში გადმოსახედის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
