რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
ამ დროისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე:
თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით
🔴ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
ლიპყინულის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ქუთაისის მუნიციპალიტეტი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ( M4EG ) ფარგლებში, 225 000 ევროს მიზნობრივ დახმარებას მიიღებს.
ამის შესახებ ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გაავრცელა ინფორმაცია.
ქუთაისის მუნიციპალიტეტი მიზნობრივი დახმარების ფარგლებში მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელებს შექმნის და მათ დანერგვას დაიწყებს.
აღნიშნულ დახმარებას მიიღებს საქართველოს რვა მუნიციპალიტეტი.
ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობა მუნიციპალურ განვითარებაში სისტემური მიდგომების დანერგვასა და მდგრადი და ინკლუზიური მოდელების შექმნას მოხმარდება.
ბათუმი და ქუთაისი მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელებს შექმნიან და მათ დანერგვას დაიწყებენ, რისთვისაც თითოეული მათგანი 225,000 ევროს მიიღებს.
რუსთავი, სამტრედია, ფოთი და წყალტუბო ჩაერთვებიან მენტორინგისა და სწავლების ინიციატივაში „ურბანული ხედვა“ (Urban Imaginaries). ამის შედეგად, თითოეული მუნიციპალიტეტი შეძლებს 60,000 ევროს ოდენობის სასტარტო დაფინანსების მიღებას ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის.
კიდევ ორი მუნიციპალიტეტი - ბოლნისი და ონი, დაფინანსებას უშუალოდ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან მიიღებს. ბოლნისი მუნიციპალური ბიზნეს-მოდელის გაფართოებაზე იმუშავებს, ხოლო ონი - ადგილობრივი ბიზნეს-კლასტერების განვითარებაზე და ინვესტორთა მოზიდვაზე.