თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვს მიღებული კომპანიისგან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ამ ადამიანებთან დაკავშირებით და ვინც არიან პროტესტის ორგანიზატორები, თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვთ მიღებული კომპანიისგან, თუ რამე დამატებით არის საჭირო კომპანიისგან, ალბათ მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით წარიმართება. ეს არის ის ინფორმაცია, რაც გვაქვს დღემდე. კომპანიის საქმეა მოლაპარაკებების წარმოება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის წინ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის აქცია გრძელდება.5 პირამოკერილი ადამიანიდან დღეს სამი შეუძლოდ გახდა და ექიმების დახმარება დასჭირდა.
შუქრუთის მაცხოვრებლები უწყვეტ აქციას 185 დღეა მართავენ.
,,მოვითხოვთ ცენტრალური მთავრობის ჩართულობას! ჯორჯიან მანგანეზი ნუ გვინგრევთ სახლებს ნუ გვაქცევთ ლტოლვილებად,,-აცხადებენ ისინი.
გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 28 თებერვალს, თბილისში, სოფ. წინუბანში, ბრალდებულმა მეგობარ ქალს განსაკუთრებული სისასტიკით, დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე სხდომის დაწყებამდე აცხადებდა, რომ საქმეზე არაერთი უტყუარი მტკიცებულებაა მოპოვებული, რითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა ცინდელიანმა 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობა შერაცხად მდგომარეობაში, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა.
დაცვის მხარე კი ამტკიცებდა, რომ ბრალდებულს დანაშაული გენდერის ნიშნით არ ჩაუდენია. ამასთან, მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენასაც გამორიცხავდა.
ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.
ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.