გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და იმერეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითში კი, მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი სახელმწიფო ტყეში ჰქონდა დამონტაჟებული. მიმდებარე ტეროტორიაზე დაილუქა წიწვოვანი სახეობის 3.5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 10 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში, მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში ჰქონდა დამონტაჟებული. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული, წიწვოვანი სახეობის, 12 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში, მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საცხოვრებელ სახლში ჰქონდა მოწყობილი. ტერიტორიიდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 5,6 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა, სრულად დაიტბორა ბუხაიძის ქუჩა, დაზიანდა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები, დაიტბორა კორპუსების სარდაფები, საცხოვრებელი სახლების და მაღაზიების პირველი სართულები.
,,უჩვეულოდ დიდი ნალექი მოვიდა იმერეთში ბოლო ორი საათის განმავლობაში და პრობლემები შეიქმნა ხონსა და უფრო მეტად ქუთაისში. ადიდდა მდინარე ოღასკურა, გადმოვიდა კალაპოტიდან და დატბორა ავტოქარხნისა და ბუხაიძის ქუჩის დიდი ნაწილი. მობილიზებულია სამაშველო სამსახური, მერიის სპეც. სამსახურები და ყველა ლოკაციაზე, სადაც არის კრიტიკული მდგომარეობა, ვცდილობთ დავეხმაროთ მოსახლეობას და აღმოვფხვრათ პრობლემები. ჩვენ დაწყებული გვაქვს ოღასკურის კალაპოტის გაფართოება-დაღრმავების სამუშაოები, მაგრამ რეალურად ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის და შესაბამისად პრობლემებიც ამიტომ შეიქმნა. ოღასკურის კალაპოტის სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ აღნიშნული პრობლება აღარ იარსებებს“ - ზვიად შალამბერიძე,სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში.
" ქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა , სამწუხაროდ, გარკვეული პრობლემები გამოიწვია. ადიდდა მდინარე ოღასკურა, რის შედეგადაც დაიტბორა ბუხაიძის და ავტომშენებლის ქუჩები, ხოლო წერეთლის და რუსთაველის ქუჩებზე წყლის ნაკადმა ნატანი ჩამოიტანა, რამაც შეაფერხა სანიაღვრეების მუშაობა. ჩვენ მომენტალურად დავიწყეთ შექმნილ მდგომარეობაზე შესაბამისი რეაგირება - უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ როგორც მერიის "სპეციალური სერვისების " თანამშრომლები, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და " ენერგოპრო ჯორჯიას" წარმომადგენლები. ამ ეტაპისთვის გზები გაწმენდილია, აღდგენილია ელექტროენერგიით მომარაგება. მუშაობს მერიის ცხელი ხაზი - 595250309 , სადაც 24 საათის მანძილზე შეუძლია დარეკვა მოსახლეობას და რეაგირება იქნება მყისიერი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტს უკვე შეძენილი აქვს მდინარე ოღასკურას რეაბილიტაციის პროექტი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, მიმდინარე წელსვე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შედეგადაც შევძლებთ ასეთი პრობლემების თავიდან აცილებას. " - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
ზარალის ლიკვიდაციის მიზნით ქუთაისის მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ასევე საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია დარეკოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში: 112 და ქუთაისის მერიის ცხელ ხაზზე: 595 250 309