„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა9 აპრილს დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია, რომ 9 აპრილს, 17:00 საათზე საქართველოს ყველა მოქალაქე მივიდეს და დააფიქსიროს საკუთარი ურყევი ნება, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. 7,8 და 9 მარტს კონკრეტული შედეგი დადგა ხალხთან, საზოგადოებასთან ერთად, როდესაც რუსული კანონი გაიწვიეს. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საპარლამენტო ოპოზიციამ, ყველამ ერთად იბრძოლა ამ რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ აუცილებლად შევიკრიბებით 9 აპრილს და ვიქნებით ძალიან ბევრი. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ კონკრეტულმა ადამიანებმა იცოდნენ,რომ ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, 9 აპრილის აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან.
„ვნახეთ, რომ რიკოთის უღელტეხილი დაკეტა „რუსულმა ოცნებამ“. მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებიან. იქ გზა გაწმენდილია, ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის არანაირი შეფერხება არ არის, გარდა იმისა, რომ 9 აპრილის ეშინია „რუსულ ოცნებას“. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ადამიანები მოდიან დარწმუნებული ვარ ასევე, რომ დედაქალაქის მცხოვრებლების უმრავლესობა აქციაზე იქნება.
იმერეთში საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი იმყოფება.მას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული და ქუთაისის მერი შეხვდნენ.
იმერეთში ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 69 656 927 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტებია დაფინანსებული. გარდა ამისა, სხვადასხვა პროგრამით არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტია განხორციელებული.
შეხვედრაზე იმერეთის ტურისტულ პოტენციალზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საინვესტიციო გარემოზე, სოფლის მეურნეობის, კონკრეტულად მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის საჭირო პროექტებზე ისაუბრეს.
სახელმწიფო რწმუნებულმა დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის გაფართოებაზე ისაუბრა. დაგეგმილია მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, რომლის მთლიანი საინვესტიციო ბიუჯეტი 47 მილიონი ლარი იქნება. პროექტის ფარგლებში დასრულდება 3,5 კმ-იანი ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტირება, განხორციელდება სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქნის გეგმიური რეაბილიტაცია, აშენდება დამატებით 400 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი, განახლდება და დამონტაჟდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შუქსასიგნალო სისტემები. აღნიშნული პროექტი გარდა ვიზიტორების სიმრავლისა დამატებით ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა ქვეყანასთან.
ზვიად შალამბერიძემ ასევე წყალტუბოს განვითარების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ იმერეთის გუბერნატორმა, ქუთაისის მერმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ქუთაისის ცენტრში მდებარე კოლხური შადრევანი დაათვალიერეს, რომლის რეაბილიტაციაც ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა.
ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლები და ელჩი ქუთაისში მდებარე მწვანე ნარჩენების კომპოსტირების პირველ ცენტრს ესტუმრნენ, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით შეიქმნა. ცენტრი პირველი ობიექტია დასავლეთ საქართველოში, სადაც ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კომპოსტირება ხდება და გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, პირველად სტუმრობს იმერეთის რეგიონს. ვიზიტი სამი დღე გაგრძელდება.