ბაღდათი-კურორტი საირმეს მიმართულებით 10 მაისიდან 10 ივნისამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
მიზეზი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
შეზღუდვა იმოქმედებს ყოველდღიურად ერთი თვის განმავლობაში, დილის 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.
ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 137 ფაქტი გამოავლინეს.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 98 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 39 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 45 ფაქტი გამოვლენილია კახეთში. იმერეთში დაფიქსირდა 25 სამართალდარღვევა, აჭარაში - 21, სამცხე-ჯავახეთში - 16, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 13, შიდა ქართლში - 7, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 4, გურიაშიც - 4, თითო-თითო სამართალდარღვევა გამოვლენილია მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში.
ჯამში ამოღებულია 141 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 9 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 649 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 29 უკანონო სახერხი საამქრო.