დღეს ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციის მე-60 დღეა.მაღაროელები ყველას მოუწოდებენ,მხარი დაუჭირონ მათ პროტესტს.
,,პროტესტის მე-60 დღე. მშრალი შიმშილობის მე-3 დღე.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან იწყება მასობრივი შიმშილობა.
მოდით, მეგობრებო, დავუდგეთ გვერდში ერთმანეთს. ერთად გავაკეთოთ დიდი საქმე, ერთად გადავდგათ სწორი ნაბიჯები.
ნუ მოვიტყუებთ თავს, კომპანიას კიდევ ერთხელ ნუ ავყვებით მათ მანიპულაციაში.ვინც კომპანიის წარდგენილ ხელშეკრულებას მოაწერეთ ხელი, მინდა გაცნობოთ , რომ თქვენ დაკარგეთ მარტის და აპრილის ხელფასი, ხელფასის მოთხოვნის უფლებაც, რადგან ხელფასი ეკუთვნის დასაქმებულს და არა სამსახურის მაძიებელს და კონკურსის მონაწილეებს.,,-მაღაროელების საინიციატივო ჯგუფი .
ჭიათურაში მესამე დღეა პროტესტის უკიდურეს ფორმას-მშრალ შიმშილობას მიმართა ერთ-ერთმა მაღაროელმა. ირაკლი ჯიქიძეს დღეს ექიმების დახმარება დასჭირდა.
28 აპრილს,ორშაბათს, 15:00 საათზე ჭიათურელი მაღაროელების საინიციატივო ჯგუფი თბილისში და პრესკონფერენციას გამართავენ.
,,60 დღეა, ჭიათურაში მიმდინარეობს პროტესტი. პროტესტის მონაწილეების არაერთი თხოვნის მიუხედავად, მაღაროელებს არ გვხდება არც მთავრობის და არც კომპანიის წარმომადგენლები. მაღაროელთა გვერდის ავლით, კომპანია უთანხმება პროფკავშირს რეორგანიზაციის თაობაზე, რაც ყველა დასაქმებულს ტოვებს უსამსახუროდ.
სანაცვლოდ, კომპანიის ახალი წარმომადგენელი, რუსეთის მოქალაქე მიხეილ სოცკი, რომელიც მანამდე ტყიბულში მიავლინა მთავრობამ, გვთავაზობს მონაწილეობას სრულიად უკანონო და გაურკვეველ კონკურსებში.
ვისაუბრებთ ჭიათურაში არსებულ მწვავე ვითარებაზე, ჩვენს მოთხოვნებზე და მაღაროელების გეგმებზე.,,-საინიციატივო ჯგუფი.
გუშინ ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა დაიწყო.
,, რეალური შანსი გვაქვს, საერთო კეთილდღეობა და პერსპექტიული მომავალი შევიქმნათ: ღირსეული და დაფასებული შრომის პირობები, განვითარებული ქალაქი. პირადი კეთილდღეობის მოლოდინს ნუ შევწირავთ საერთო ინტერესს.
ეს ხელშეკრულება იმდენად ბუნდოვანია, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დასაქმებულების მდგომარეობას მომავალში. კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს” არც სამართლებრივი და არც მორალური უფლება არ აქვს, ჩვენი დამსაქმებელი ერქვას. საერთოდ, ამ კომპანიის რაიმე სახის შემოთავაზების ავკარგიანობას რომ განვიხილავთ, ეგეც დიდი შეცდომაა.
ასე მალე გვავიწყდება წარსული გამოცდილება? ასე მალე გვავიწყდება ის პრობლემები, რის წინაშეც დაგვაყენა ამ კომპანიამ და მისმა უპასუხისმგებლო ქმედებებმა?
მეგობრებო, სახელმწიფოს ჩართულობისა და სახელმწიფოს მყარი გარანტიების გარეშე, ნებისმიერი შეთანხმება ამ კომპანიასთან ჩვენთვის საზიანოა და ვერ უზრუნველყოფს სტაბილურ და ეფექტურ მომავალს.,,-საინიციატივო ჯგუფი.