ტყიბულის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ელექტრო გადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც ტყიბულის მოსახლეობას, როგორც ქალაქში, ისე რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში, ელექტრო-ენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამ დროისათვის დაზიანების დიდი ნაწილი აღმოფხვრილია.
მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და დილიდან აქტიურად ხორციელდება, როგორც სოფლებამდე მისასვლელი, ისე ცენტრალური და შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები.
ტყიბულიდან სოფელ მუხურის მიმართულებით რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია.
გაწმენდით სამუშაოებს ცენტრალურ გზაზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ხოლო სოფლებსა და უბნებში, ტყიბულის კომუნალური გაერთიანება ახორციელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 187 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 135 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 52 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 53 ფაქტი გამოვლენილია კახეთში. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 34 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 31, იმერეთში - 24, აჭარაში - 15, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 10, ქვემო ქართლში - 8, შიდა ქართლში - 5, გურიაში - 4, მცხეთა-მთიანეთში კი - 3.
ჯამში ამოღებულია 284 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 2 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მიმდინარე წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 2000 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 92 უკანონო სახერხი საამქრო.