მსოფლიო ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით იმერეთის რეგიონში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. ქუთაისში, სიმბოლურად გაიხსნა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იმერეთიდან მონაწილე ოლიმპიელების ბანერი.
,, დღეს განსაკუთრებული დღეა იქედან გამომდინარე, რომ არა მარტო ქუთაისიდან არამედ იმერეთიდან სპორტსმენების უპრეცედენტო რაოდენობა მიდის ტოკიოს ოლიმპიადაზე. ჩვენი რეგიონიდან წარმოდგენილი 6 სპორტსმენი ოლიმპიადაზე სხვადასხვა სახეობაში იასპარეზებენ. ძალიან წარმატებული სპორტსმენები გვყავს და დარწმუნებული ვარ, კარგი შედეგებით დაუბრუნდებიან ქუთაისს, იმერეთს და მთლიანად საქართველოს“ - აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ, მსოფლიო ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
„დღეს ქუთაისიც შეუერთდა ოლიმპიზმის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ქუთაისიდან 3 სპორტსმენი იასპარეზებს. მჯერა, რომ ჩვენი ოლიმპიელები წარმატებებს მიაღწევენ და ქართული ჰიმნი ტოკიოში ბევრჯერ აჟღერდება!“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის 7 სახეობაში საქართველოდან სავარაუდოდ 32 სპორტსმენი იასპარეზებს.
დღესვე, მსოფლიო ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, ასევე მოეწყო ოლიმპიური გარბენი, საჭადრაკო ტურნირი, ბალახის ჰოკეის ფესტივალი, ტანმოვარჯიშეთა საჩვენებელი გამოსვლები და სხვა აქტივობები.
ოლიმპიური დღე 1948 წლიდან აღინიშნება.
1894 წლის 23 ივნისს პარიზში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დაფუძნდა და თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებს ჩაეყარა საფუძველი.
ზაფხულის პირველი ოლიმპიური თამაშები 1896 წლის 6 აპრილს ათენში გაიხსნა. პირველ ოლიმპიადაზე მედლები სპორტის 9 სახეობაში გათამაშდა.
23 ივლისს ტოკიოში ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის 32-ე ოლიმპიური თამაშები. პროგრამაში სპორტის 33 სახეობაა წარმოდგენილი. მასშტაბურ ღონისძიებაში 200-ზე მეტი ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.