ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ ჩაჩანიძე ავრცელებს .
"მდინარის კალაპოტის გაწმენდა მხოლოდ დროებითი ღონისძიებაა და მთავარი პრობლემა სახელმწიფო მმართველის დანიშვნიდან 6 წლის შემდეგ, მისი მეორე ვადის მიწურულს ისევ რჩება: მდინარის დაცვა საწარმოო ნარჩენებით დაბინძურებისგან! ყვირილას გაწმენდის პროცესზე დეტალურ განცხადებას ძალიან მალე გავაკეთებთ საზოგადოებრივი მოძრაობა "მომავლის ჭიათურის" და ჭიათურის ეკოლოგიური კლუბის წევრები.
დიდი მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს იმისთვის, რომ აქტიურად ჩაერთო ჭიათურის ეკოლოგიური კატასტროფის დაძლევის საქმეში. მდინარის გაწმენიდს გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან აქტიურად ვმუშაობთ ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიცაა:
1. 2006 წელს შპს "ჯორჯიან მანგანეზისთვის" გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გადახედვა;
2. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებელი და საწარმოო ზონების ერთმანეთისგან გამოყოფა;
3. მანგანუმის მოპოვების სამომავლო გეგმის გასაჯაროება;
4. დაზარალებული მოსახლეობისთვის ზიანის დათვლის და ანაზღაურების ერთგვაროვანი სისტემის შემუშავება;
5. სპეციალური მმართველის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, მისი საქმიანობის აუდიტი და კერძო კომპანიის საქმიანობაზე სახელმწიფოს მონიტორინგის სისტემის სრულად აღდგენა"-წერს ჩაჩანიძე.