სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა 4 ლოტად ხორციელდება, დაფინასების წყარო კი ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე ჯამში 51.5 კმ-ია.
ყველაზე ნაკლებად პრობლემური მე-2 ლოტი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი გეგმის თანახმად სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, დასრულების ვადები 2020 წლამდე გადაიწია. თუმცა მიმდინარე მონაცემებით ეს ერთადერთი მონაკვეთია, რომელიც გაიხსნა.
დაუსრულებელია 3 ლოტი, საიდანაც ყველაზე პრობლემურად პირველი ლოტია,რომლის მშენებლობაც 2014 წლის 21 მაისს დაიწყო და 2016 წლის 21 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კონტრაქტორის მხრიდან („Road Building ALTCOM“) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, გზების დეპარტამენტმა 2017 წლის 2 ოქტომბერს ხელშეკრულება შეწყვიტა.
დეპარტამენტს ახალ კონტრაქტორთან („Akkord lndustry Construction Investment Corporation“) მოუწია ხელშეკრულების გაფორმება. ამჯერად სამუშაოები 2018 წლის 3 დეკემბერს დაიწყო და 2020 წლის 3 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დეპარტამენტმა კონტრაქტორის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2021 წლის 3 აგვისტოს შეწყვიტა ხელშეკრულება.
პირველი ლოტის მშენებლობის დასრულების მიზნით დეპარტამენტს მესამე კონტრაქტორთან (“შპს ჯეუ გრუპი”) მოუწია ხელშეკრულების გაფორმება. კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის 22 ნოემბერს დაიწყო და 2022 წლის 25 აგვისტოს უნდა დაესრულებინა. თუმცა როგორც გზების დეპარტამენტი აღნიშნავს, სამშენებლო სამუშაოების მიმდიანრეობისას გამოვლენილი დამატებით შესასრულებელი სამუშაოებიდან გამომდინარე მშენებლობის ვადა გაგრძელდა 2022 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.
რაც შეეხება მე-3 ლოტს კონტრაქტორმა კომპანიამ („Todini Costruzioni Generali S.p.A.“) სამუშაოები 2017 წლის 12 ივნისს დაიწყო და 2019 წლის 12 ივლისს უნდა დაესრულებინა. დეპარტამენტმა კონტრაქტორის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება 2019 წლის 4 მარტს შეწყვიტა.ამჟამად კი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო პროცედურები მიმდიანრეობს.
მეოთხე ლოტის მშენებლობის 2015 წლის 24 მაისს დაიწყო და 2017 წლის 24 მაისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამჟამად დასრულების ვადად 2022 წლის ბოლოა მითითებული.
ფოტო-საავტომობილო გზების დეპარტამენტი. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა.
.