ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის, ზაზა გლუნჩაძის ხსოვნას პატივი მიაგეს.
„ამ დღეს ყოველთვის მოვდივართ ჩვენი გმირის, ზაზა გლუნჩაძის საფლავზე და პატივს მივაგებთ მის ხსოვნას. ეს ჩვენი ვალია გმირების ხსოვნის წინაშე. მათმა თავდადებამ და სამშობლოსთვის გაღებულმა სიცოცხლემ თითოეულ ჩვენგანს დაგვიტოვა პასუხისმგებლობა — არასოდეს დავივიწყოთ მათი გმირობა და მომავალ თაობებს გადავცეთ მათი სახელები“, — განაცხადა ხარაგაულის მერის მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილმა.
2008 წლის აგვისტოს ომში, ზაზა გლუნჩაძემ რვა დაჭრილი თანამებრძოლი სამშვიდობოს გამოიყვანა. მეცხრე დაჭრილის დასახმარებლად კვლავ ბრძოლის ველზე შესვლისას კი თავად დაიღუპა.
ზაზა გლუნჩაძე სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
