2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას ქუთაისში პატივი მიაგეს.
გმირთა მემორიალთან მხარისა და ქალაქის პირველი პირები შეიკრიბნენ.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მემორიალთან იმყოფებოდნენ ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სტუდენტები.
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში.
რუსეთ-საქართველოს ომში ქუთაისიდან 9 მებრძოლი დაიღუპა.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.
