თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი, რომელთაგან ნაწილს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს კი უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.
მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისათვის დაკავებული პირები, სისტემატურად აორგანიზებდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას - მათ შორის, სხვადასხვა ლოკაციაზე ნარკოტიკული საშუალებების განთავსებას და შესაბამისი შეტყობინებების გადაცემას, ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებზე; ასევე, ხორციელდებოდა ნარკოტიკების რეალიზაცია ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემისა, თუ სხვა მეთოდებით.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.