გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის დაწყებიდან მხოლოდ 20 დღეში, უკანონო ნადირობის 104 ფაქტი გამოავლინეს.
უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 35 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში; 31 სამართალდარღვევაა გამოვლენილი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9 - შიდა ქართლში, 9 - ქვემო ქართლში, 5 - კახეთში, 5 - სამცხე-ჯავახეთში, ასევე 5 - გურიაში, 3 ფაქტი კი, მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 2 ფაქტი აღკვეთეს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 94 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია; 9 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 1 კი, ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 27 ერთეული მწყერი.
ნადირობის სეზონის დაწყებიდან 20 დღეში ამოღებულია 94 ერთეული ფრინველის მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა.