შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელებმა იმერეთში ნარკორეალიზატორი დააკავეს. ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ზ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჭიათურაში აიყვანეს.
მას ბრალად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება ედება. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.