დებატების ფორმატისთვის მზად ვართ! ვნახოთ, რა აქვთ სათქმელი - თუ ეს ადამიანები რამეში დაგვარწმუნებენ, მზად ვართ, ჩვენს პოზიციას გადავხედოთ! - ასე უპასუხა პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
კობახიძემ აღნიშნა, რომ თუ მეორე მხარე დაინახავს, რომ სიმართლე “ქართული ოცნების“ მხარეს არის, ეს თავადაც აღიარონ.
„ჩვენ დებატების ფორმატისთვის მზად ვართ. რაც შეეხება მიზანს, მიზანი არის ის, რომ საზოგადოებას სიმართლე გავაგებინოთ. ჩვენ ბუნებრივია, მონოლოგის რეჟიმში ვსაუბრობთ. დღესაც ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით ბრიფინგის ფორმატში ვსაუბრობ, მაგრამ დებატებს განსხვავებული დატვირთვა აქვს. დებატების პირობებში არის მეტი რესურსი, რომ საზოგადოებას სიმართლე უფრო მკაფიოდ გააგებინო. ვნახოთ, გავიგოთ, რა აქვთ სათქმელი - თუ ეს ადამიანები რამეში დაგვარწმუნებენ, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენ პოზიციას გადავხედოთ. ეს სხვადასხვა დროს გაგვიკეთებია - არა ვართ ხისტები და უხეშები, მაგრამ თუ დაინახავენ, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის, კეთილი ინებონ და თავადაც აღიარონ, თუ ამის რესურსი ეყოფათ.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ადამიანებზე, რომლებმაც დებატებში გამოსვლის მზაობა გამოხატეს, არის სერიოზული, ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმა. ამ თავდასხმაში მთელი რადიკალური ოპოზიცია და NGO-ები ჩაერთვნენ. ცდილობენ, რომ ისინი დებატებზე არ მოვიდნენ. იმედია, გამბედაობა ეყოფათ და დებატებზე მოვლენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ
დღეს, 22:00 საათზე, “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დებატები გაიმართება.პრემიერი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაუშვილი, “ქართული ოცნების“ ყოფილი მინისტრების-თინა ხიდაშელი და მიხეილ ჯანელიძის წინააღმდეგ.