რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოდ აღიარება, შესაბამისად, აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელს შორის ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება და ყველა თემაზე იქნება საუბარი.
„რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი – ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოდ აღიარება. შესაბამისად, აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება. რაც შეეხება ურთიერთობებს, ჩვენს სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელს შორის, მათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის, ეს ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება და ყველა თემაზე იქნება საუბარი. ყველა საკითხზე იქნება საუბარი, რაც ამ ფორმატით არის გათვალისწინებული. პირველი შეხვედრა სავარაუდოდ ძალიან მალე იქნება, სად იქნება, როგორ იქნება, ამაზე გაგიზიარებთ ინფორმაციას. შეიძლება, არც თბილისში იყოს, არც მოსკოვში, შეიძლება, სხვაგან იყოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ
