ჭიათურის სასწრაფო დახმარების ექიმი ნინო კლდიაშვილი იხსენებს, რომ ადგილზე მისულ მე-3 ბრიგადას შუახნის მამაკაცი დახვდა. ოჯახის წევრების გადმოცემით, მან მოულოდნელად შეუძლოდ იგრძნო თავი და სკამიდან გადმოვარდა. პაციენტი იყო კონტაქტური, ადეკვატური. მამაკაცი თავადვე მოუყვა ექიმს, რომ რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა კლინიკაში, სადაც კორონარული სტენტირება გაიკეთა და მე-3 დღეა რაც სახლში დაბრუნდა. ფიზიკურად ზედმეტად დაიტვირთვის გამო კი თავი შეუძლოდ იგრძნო. ვინაიდან ანამნეზი საყურადღებო იყო, ყველა საჭირო სამედიცინო მანიპულაციის შემდეგ ბრიგადის წევრებმა პაციენტის ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს.
კლინიკისკენ ტრანსპორტირების პროცესში მამაკაცმა ისევ დაკარგა გონება და მონიტორზე ფიბრილაცია დაფიქსირდა.
პროტოკოლით გათვალისწინებული წარმატებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მოხდა გულის რითმის აღდგენა და მონიტორზე სინუსური რითმი დაფიქსირდა.
აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით პაციენტი საჩხერის კლინიკაში იქნა გადაყვანილი.
ინფორმაციას გვერდი ,,შენი სიცოცხლის გადასარჩენად,, ავრცელებს.
