საქართველოს სახელმწიფო ვალი 31.57 მილიარდი ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალი კანონით დადგენილ კრიტიკულ ზღვარს – ეკონომიკის მოცულობის (მშპ) 60%-ს გადასცდა.
სახელმწიფო წლიდან წლამდე სესხად აღებული თანხების დახარჯვას და ბიუჯეტის ათვისებას ვერ ახერხებს და ამასთან, პროცენტთან ერთად აუთვისებელ ნაწილზე ვალდებულების გადასახადის გადახდა უწევს.
საკრედიტო რესურსით დაფინანსებული პროექტების აუთვისებლობის გამო, სახელმწიფოს 2018 წელს 3.1 მილიონის, 2019 წელს 4.8 მილიონის, ხოლო 2020 წელს 9.6 მილიონი ლარის გადახდა მოუწია.
გამოდის, უბრალოდ იმის გამო, რომ სახელმწიფო აღებული ვალის დახარჯვას ვერ ახერხებს, ბიუჯეტიდან წელიწადში საშუალოდ იმაზე მეტი ფული იკარგება, ვიდრე მაგალითად, მოსახლეობის სოციალურ დაცვაში იხარჯება.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონით მთავრობის ვალის დაშვებული ზედა ზღვარი მშპ-ის 60%-ია. მშპ-ის 60% მიჩნეულია კრიტიკულ ზღვრად, რომელსაც სხელმწიფო ვალის აღების ეტაპზე არ უნდა გადასცდეს. თუმცა 2021 წლის იანვრის მონაცემებით სახელმწიფო უკვე გადაცდა დადგენილ კრიტიკულ ზღვარს.
2021 წლის მონაცემებით ყველაზე დიდი რაოდენობით ვალი საქართველოს აღებული აქვს მსოფლიო ბანკის ჯგუფიდან (IDA და IBRD) 6.79 მლრდ ლარის სახით, შემდეგ მოდის აზიის განვითარების ბანკი (ADB) 5.70 მლრდ ლარით, მესამე ადგილს კი ევროპის საინვესტიციო ბანკი იკავებს 2.41 მლრდ ლარის ვალის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ ვალის ზრდის პარალელურად სახელმწიფოს წინაშე კვლავ დგას რესურსის დაბალი ათვისების პრობლემა, რაც ხშირ შემთხვევაში დაგეგმვის ეტაპზე არსებული ნაკლოვანებებით არის გამოწვეული და პროექტების განხორციელების პროცესზე პროექტების ფარგლებში აუთვისებელ რესურსებში გამოიხატება.
მაგალითად 2020 წელს ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული 88 პროექტიდან 38 პროექტის შემთხვევაში ათვისებული იქნა გეგმის 70%-ზე ნაკლები (მათ შორის, 6 პროექტის შემთხვევაში თანხის ათვისება საერთოდ არ მომხდარა). სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი განმარტებების მიხედვით, დაბალი ათვისებები ძირითადად განპირობებულია პანდემიის გავრცელების გამო რიგი აქტივობებისა და ღონისძიებების გაუქმებით/შეფერხებითა და გადადებით.