ტყიბულის შახტებში 2007 წლიდან დღემდე 41 ადამიანი დაიღუპა

,,ტყიბულში მშრომელი გარდაიცვალა. 50 წლის კაცი შახტაში ნაშალის ქვეშ მოყვა. ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის უმძიმეს ტრაგედიას. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მხოლოდ ერთ წელიწადში ტყიბულში 12 მეშახტე დაიღუპა. 

2022 წლის 30 იანვარს მინდელის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად, ტყიბულში ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 8 ადამიანი დაშავდა. 

მთლიანობაში ტყიბულის შახტებში, ქალაქში სადაც 8000 მდე ადამიანი ცხოვრობს, 2007 წლიდან ამ დრომდე 41 ადამიანი დაიღუპა. 

ეს ხომ აღარ არის ინდივიდუალური ტრაგედიები, არამედ სტრუქტურული ძალადობა, რომელსაც მეშახტეების თაობები ეწირება. მართლაც ტყიბული იქცა ნეკროპოლიტიკურ სივრცედ, სადაც მეშახტეთა სიცოცხლე ითვლება განახარჯ რესურსად და სადაც ადამიანი იმთავითვე განწირულია.

კი, წინა წლებში შეიქმნა შრომითი უსაფრთხოების საკანონმდებლო გარანტიები, შრომის ინსპექციაც, მაგრამ იქ, სადაც სახელმწიფო დისფუნქციური ხდება, არაფერი აღარ მუშაობს. 

იქ, სადაც სახელმწიფო ოლიგარქიულ ინტერესებს ატარებს და ბიზნესთან მისი ინტერესები გადაჯაჭვულია, ადამიანის უსაფრთხოების, ღირსების და უფლებების ინტერესი აღარ რჩება. 

შევხედოთ თუნდაც სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შედეგებს. 

 სისხლის სამართლის კოდექსის 240-245-ე მუხლებთან კავშირში 

2024 წელს დარეგისტრირდა 94 შემთხვევა (გახსნის მაჩვენებელი არის მხოლოდ 9.57%)

2025 წელს დარეგისტრირდა 84 შემთხვევა (აინვარი-ივნისი), ( გახსნის მაჩვენებელი იყო 9.52 % )

2023 წელს - 181 შემთხვევა (გახსნის მაჩვენებელი- 20.99%), 

2022 წელს - 157 შემთხვევა (გახსნის მაჩვენებელი -22.29 %)

ანუ ყველაზე პირველადი, მართლმსაჯულების მექანიზმითაც აღარ მუშაობს სახელმწიფო სათანადოდ.

კომპანიების ლოგიკა მარტივია და ველური: უკონტროლოდ აითვისონ ამ ქალაქებში ადამიანების სიცოცხლე, შრომა, ბუნება, სასიცოცხლო გარემო და რაც შეიძლება მეტად გამდიდრდნენ. 

ამ ინტერესს კი სახელმწიფო არა თუ არ აკავებს, არამედ კომპანიებს სრულ კარტბლანშს აძლევს უკონტროლო მოპოვებაში, განადგურებაში, ათვისებაში და თავადაც იღებს აქედან ბენეფიტს. 

ტყიბული, სხვა ინსტრუსტრიულ ქალაქებთან ერთად, ნამდვილი მსხვეპრლშეწირვის ზონებად იქცა, სადაც აქ მცხოვრები ოჯახების და ადამიანების მთელი თაობები მარცხდებიან და არაფერი იცვლება. სხვა ტიპის რეალობის წარმოსახვაც კი თითქოს შეუძლებელი ხდება ამ ქალაქებისთვის.,,-წერს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი თამთა მიქელაძე. 

დღის სიახლეები

სხვა სიახლეები

© 2020 Act2. ყველა უფლება დაცულია
ტელ: +995 558 35 06 15; ელ. ფოსტა: info@act2.ge

Search