ქუთაისში დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკა ,,ბომონდში,, 69 წლის მამაკაცი დაიღუპა. ინფორმაცია მედიას ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა , მარინა ენდელაძემ მიაწოდა. .
„37-ე პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა. ის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა, იყო 69 წლის მამაკაცი, რომელსაც მძიმე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. აღენიშნებოდა სასუნთქი სისტემის დაავადებების ფონზე მოციმციმე არითმია. პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა“, - განაცხადა ენდელაძემ.
ინფორმაცია გაავრცელა კლინიკა ,,ბომონდმაც,,
კლინიკა ბომონდი"-ს კოვიდცენტრში კორონავირუსის ინფექციით 69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ 23 სექტემბერს შემოიყვანა. მას აღენიშნებოდა თანმდევი დაავადებები, იყო ჟანგბადდამოკიდებული. ჰქონდა გულის და თირკმლის დაავადებები.
"პაციენტს დადასტურებულ ინფექციასთან ერთად, აღენიშნებოდა ფილტვის ქრონიკული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა, არითმია. ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა,"- ამბობს "კლინიკა ბომონდის" კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.
კოვიდცენტრში ამ დროისათვის 80-მდე პაციენტი გადის მკურნალობას. ბოლო 24 საათში კლინიკიდან 30-ზე მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან ინფიცირებული შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა.კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში ახალი პაციენტები არ მიუღიათ.
" 24 საათის განმავლობაში ახალი პაციენტები არ მიგვიღია. გვყავს 7 გამოჯანმრთელებული, მათ კლინიკიდან დღეს გავწერთ",-განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში, ამ დროისთვის 53 კოვიდდადებითი პაციენტი გადის მკურნალობას.
კლინიკა ჯამში 110-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.