კორონავირუსის 1 928 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 245 იმერეთში დაფიქსირდა.ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავამ, კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკასა და ბოლო 24 საათის განმავლობაში გატარებულ ზომებთან დაკავშირებით ისაუბრა.
24 საათში გამოჯანმრთელდა 604 ადამიანი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 10 767-ს.
24 საათში 8 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, 201 გარდაცვალების 201 შემთხვევა დაფიქსირდა.
,,დღეს გამოვლენილი 1 928 შემთხვევიდან, თბილისში არის - 788, აჭარაში - 551, იმერეთში - 245, ქვემო ქართლში - 87, შიდა ქართლში - 33, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 93, კახეთში - 42, მცხეთა-მთიანეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 26 533 პირი, საიდანაც თბილისში არის 3 237 ადამიანი, აჭარაში - 10 245, იმერეთში - 3 861,,-განცხადა ბერდია სიჭინავამ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონში კოვიდკლინიკების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მინისტრმა რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე, რეგულაციების დაცვასა და ინფიცირებულების სწორად მართვის პროცესზე იმსჯელა. ასევე, ყურადღება გაამახვილა არსებულ ხარვეზებზე და აღნიშნა, რომ სამინისტრო მზად არის თითოეული საკითხის გადაჭრაში მყისიერად ჩაერთოს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით რეგიონულ ჭრილში კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა და უწყვეტი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რადგან სამინისტროს გააჩნია კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა მოხდეს თითოეული რეგიონის გაძლიერება იმ საჭიროებების მიხედვით რაც შეხვედრებზე იკვეთება.
,,იმერეთის მასშტაბით მთლიანად 12 კლინიკაა ჩართული კოვიდინფიცირებულების მართვაში. შესაბამისად გვქონდა შეხვედრა კლინიკების წარმომადგენლებთან და იმ ხარვეზებზე ვიმსჯელეთ რაც ამ ეტაპზეა. ასევე გვქონდა აქცენტირება, რომ მთლიანად ჩვენმა თანამოქალაქეებმა, როგორც სადიაგნოსტიკო ნაწილში ასევე კლინიკურ ნაწილშიც, მიიღონ ის მომსახურება რაც მათი ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი" - ზვიად შალამბერიძე.
იმერეთის რეგიონში კოვიდინფიცირებულების მართვაში ამ ეტაპზე ჩართულია 12 კლინიკა, კოვიდ სასტუმროები, ასევე, უსიმპტომო პაციენტები ექიმების მეთვალყურეობით ბინაზე მკურნალობენ.