„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინფი გამართა.
როგორც აღნიშნა, ნიკანორ მელიამ „საკუთარი თავი დაიჭირა“.
„ეს არის სახელმწიფო. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ღირსებას, სამართლის უზენაესობას, კანონის უზენაესობას. რაც შეეხება ნიკანორ მელიას - მიუხედავად იმისა, რომ ის გამოირჩეოდა, სისხლის სამართლის ენაზე რომ ვთქვათ, განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით და მზად იყო ეკადრა ყველაფერი, განსაკუთრებით, ძალაუფლების დაბრუნების პირობებში, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა, თავისთავად, არის მტკივნეული. თუმცა, მელიასთან დაკავშირებით შეგახსენებთ შემდეგს (მხოლოდ ფაქტებს):
ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, პოლიტიკური მოტივით, 2012 წელს ის აკოტრებდა კერძო ბანკს (ამ დანაშაულისთვის იგი უკვე ცნობილ იქნა სისხლის სამართლის დამნაშავედ);
2019 წელს ორგანიზებას უწევდა საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას;
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2020 წელს ორგანიზებას უწევდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას;
იყო პარლამენტის საბოტაჟის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი; - სახელმწიფოს ყოველდღიურად ემუქრებოდა იმით, რისი მცდელობისთვისაც წაყენებული აქვს ბრალი , კერძოდ ძალადობრივი რევოლუციით; - დემონსტრაციულად გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რითაც შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს; - შეეფარდა გირაო, რომელიც არ გადაიხადა ორი თვის განმავლობაში, რითაც კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს;
მხოლოდ ამის შემდეგ, დაუფასდა ყველა კრიმინალური და რადიკალური ქმედება და დაინიშნა ნაციონალური მოძრაობის ფორმალურ თავმჯდომარედ;
პროკურატურის მიერ გირაოს გადახდის საბოლოო ვადის განსაზღვრის შემდეგ, კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს და განაცხადა - „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“. არ გადაიხადა, დაიჭირეს, უფრო სწორად თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი. სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვჭირდა ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან იმის დამტკიცება, რომ ეს არის სახელმწიფო, თუმცა სახელმწიფომ დღეს ეს დაამტკიცა.
მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა მინისტრს, და თითოეულ პოლიციელს, რომელმაც უზრუნველყო საკმაოდ რთული ოპერაციის სანიმუშოდ, ყოველგვარი ძალის გადამეტების გარეშე ჩატარება, სახელმწიფოს ღირსების დაცვა და კანონის აღსრულება. რადიკალებისთვის პასუხის გაცემა, კანონის აღსრულება და დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვა არის ერთადერთი გზა, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის დასრულებას და დემოკრატიული პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა - ნიკანორ მელია დაკავებულია.
სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ.
სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა.
შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების, კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები."-წერია განცხადებაში.