ნამახვანჰესის" მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან" დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს.
ამავე განცხადების თანახმად, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.
„საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის" გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს.
საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან". პროექტის სრულყოფის მიზნით, უახლოეს მომავალში, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.
კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.
კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში.
საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხელშეკრულების თითოეული პუნქტის პირობების განხილვა, იმისთვის, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს.
ასევე, „ნამახვანჰესის" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.
როგორც მხარის გუბერნატორმა მედიასთან 21 აპრილს განაცხადა, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლების პასუხს 23 აპრილს მიიღებენ.,,მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის,, წევრებმა ხელისუფლებასთან 15 აპრილს გამართულ შეხვედრაზე სამი მოთხოვნა დააყენეს-გაიხსნას ხეობისკენ მიმავალი გზა, შეწყდეს სამუშაოები და მიეცეთ სოფელ ნამოხვანში, პროტესტის ძირითად ადგილას მისვლის საშუალება.
,,დღეს უკვე პასუხი უნდა ვიცოდეთ, კონკრეტული დრო არ ვიცით , მაგრამ ვიცით ,რომ დღეს პასუხი აუცილებლად იქნება.შემდგომი მოქმედებები დამოკიდებულია, თუ რა პასუხს მივიღებთ,თუ შესრულდება მოთხოვნები, უნდა შეჩერდეს სამუშაოები და დავბრუნდეთ ნამოხვანში , შესაბამისად გადავალთ დიალოგის რეჟიმში და დიალოგის რეჟიმში ვეტყვით დანარჩენ სათქმელს.თუ არ შესრულდება , მოგვიწევს ფართომასშტაბიანი აქციების გზით წავიდეთ და ასე მივაღწიოთ შედეგს.,,-ვარლამ გოლეთიანი, ,,რიონის ხეობის მცველი,,