პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიის პრეზიდენტ კლერ ბაზის წერილს უგზავნის და სთხოვს, ე.წ. აგენტების შესახებ პარლამენტის მიერ გუშინ გაგზავნილი კანონპროექტები აღარ განიხილონ.
პაპუაშვილი წერილში მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია, რის გამოც „მმართველმა პარტიამ, როგორც პასუხისმგებლიანმა აქტორმა აღნიშნული კანონპროექტების მხარდაჭერის გაწვევა გადაწყვიტა“.
„თქვენო აღმატებულებავ, რამდენიმე დღის წინ გადმოგეცით წერილი, სადაც გთხოვდით ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია. მცდარმა ნარატივებმა და იარლიყებმა შეცდომაში შეიყვანა მოქალაქეები და კონფრონტაციას დაუდო საფუძველი.
შესაბამისად, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორი, რომელიც ზრუნავს ქვეყანაში მშვიდობაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა აღნიშნული კანონპროექტების მხარდაჭერის გაწვევა და შემდგომი საკანონმდებლო განხილვების შეწყვეტა.
აქედან გამომდინარე, გთხოვთ, აღარ განიხილოთ ჩვენი თხოვნა სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე და შეაჩეროთ ამ მხრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
ქალბატონო პრეზიდენტო, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას“,- აღნიშნავს პაპუაშვილი წერილში.
სამოქალაქო აქტივისტების გადაწყვეტილებით, დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია 19:00 საათზე მაინც გაიმართება.
როგორც ერთობლივ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს წევრმა „გირჩი- მეტი თავისუფლებიდან“ ცოტნე კობერიძემ აღნიშნა, დღევანდელ აქციაზე ისინი მმართველი გუნდისგან მოითხოვენ მკაფიოობას, როგორ აპირებენ ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევას.
სამოქალაქო აქტივისტები ასევე ითხოვენ დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლებას.
„დღეს აუცილებლად იქნება აქცია! არსებობს უამრავი ახალგაზრდა, რომელსაც არ გვაქვს „ქართულ ოცნების“ ნდობა და რომლებსაც მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვართ გარანტი ქვეყანა გახდეს დასავლეთის ნაწილი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოვითხოვთ ორი პუნქტის შესრულებას. გვჭირდება მკაფიოობა როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონი იმიტომ, რომ მათი განცხადებები არის ბუნდოვანი. მათ აქვთ სახელი გატეხილი და მეორე, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგნენ, იბრძოდნენ ჩვენთან ერთად და არიან დაჭერილები, სანამ ეს ადამიანები არ იქნებიან თავისუფლები, „ქართულ ოცნებას“ არ ეგონოს, რომ საქმე მარტივად აქვთ. სანამ საქართველო არ დადგება პროდასავლურ კურსზე გარანტირებულად, პროცესები არ შეწყდება “, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა და „ხალხის ძალამ“ ე.წ აგენტების შესახებ პირველი მოსმენით მხარდაჭერილი კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
ფოტო-არჩილ გეგენავა