მოსალოდნელი უამინდობის გამო, გარკვეული ცვლილება შევიდა „ქუთაისქალაქობის“ ფარგლებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ამინდის პროგნოზის მიხედვით, ნავარაუდებია ძლიერი წვიმა, ქარი და ელჭექი.
აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, დღის მეორე ნახევარში, ღია ცის ქვეშ დაგეგმილი ღონისძიებები აღარ გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
2 მაისს ქუთაისში „ ქუთაისქალაქობა“ აღინიშნება. დღე დაიწყო ქუთაისის დალოცვით. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ბაგრატის ტაძარში შეკრებილ ადამიანებს „ქუთაისობა“ მიულოცა. ქალაქის დალოცვის ცერემონიას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ჩოხოსნები.
️„ქუთაისქალაქობის“ აღნიშვნა „სამი ოთარის“ ძეგლთან გაგრძელდა.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ოთარ სულაბერიძის, ოთარ მამფორიას და ოთარ ქორქიას ხსოვნას.
„ქუთაისქალაქობა 2024-ს“ ვულოცავ ჩვენს თანაქალაქელებს, ვულოცავ ყველას, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი და ყოველ 2 მაისს ქუთაისისკენ მოისწრაფვის!
️სავარდო და სამაისო ქუთაისის დღეა 2 მაისი. ამ დღეს ყველაზე ლამაზია, ყველაზე ლაღი და მიმზიდველი. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, ვისი ძალისხმევითაც ქუთაისის ყოველი ახალი დღე წინაზე უკეთესია!
წელსაც, როგორც ყოველთვის, „ქუთაისქალაქობა“ დავიწყეთ ქალაქის დალოცვით, პატივი მივაგეთ სამი გამორჩეული ქუთაისელის, სამი ოთარის ხსოვნას. სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიდნენ ქუთაისის ღირსეულ ისტორიას და მაგალითს აძლევდნენ მომავალ თაობებს.
მშვიდობიან, სიყვარულით და სიხარულით სავსე დღეებს გისურვებთ!“ -განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.