ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ.მათ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
,,ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე.
ამისათვის, ვამზადებთ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება.
თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს არ მივიჩნევთ ერთადერთ გზად ჩვენი სამართლებრივი ბრძოლისათვის. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გამოვიყენებთ ალტერნატიულ სამართლებრივ მექანიზმს.
პარალელურად ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიას შეუძლია ამ ბრძოლის მონაწილე გახდეს და შემოგვიერთდეს.,,-წერია განცხადებაში
რუსული კანონით არ არ ვიცხოვრებთ-ამ სლოგანით ქუთაისში საპროტესტო აქცია-კონცერტი გაიმართება.
2 ივნისს,საღამოს 19:00 საათზე ცენტრალურ მოედანზე გამართულ კონცერტში 8 მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას.
,,დედაქალაქში უწყვეტი პროტესტის პარალელურად, ქუთაისში ყოველდღე იმართება საპროტესტო აქცია, რომელსაც ყოველდღიურად ემატებიან თვითორგანიზებული ადამიანები.
საპროტესტო მსვლელობები ჩატარდა ქალაქის ყველა უბანში.
2 ივნისს, 19:00 სთ.-დან ყველას, ვინც მხარს უჭერთ საქართველოს ევროპულ მომავალს და უარს ეუბნებით რუსულ რეჟიმს, გიწვევთ აქცია-კონცერტზე (ცენტრალურ მოედანზე).
ერთი მხრივ, შევაჯამებთ ქუთაისში მიმდინარე უწყვეტ პროტესტს. მეორე მხრივ, ქართველი მუსიკოსები, რომლებიც იზიარებენ პროტესტის შინაარსს და მხარს უჭერენ დემონსტრანტებს, მკაფიოდ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას მათივე საბრძოლო იარაღით - მუსიკით.
აქცია-კონცერტში მონაწილე მუსიკოსები:
- Outsider
- SKAZZ
- ბაჩო ჯიქიძე
- Will Kolak
- Stress
- See Me
- გერჩი
- Luie
ჩვენ, საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ბედს თავად ვწყვეტთ.,,-წერია ინფორმაციაში.