ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილესთან ანა ბუხრაშვილთან ერთად, ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების თვითმმართველობათა ქსელის პროექტის დახურვის ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე გამოვლინდა საუკეთესო ხუთი თვითმმართველობა. პრიზები გადაეცათ ქუთაისის მე-7, 33-ე, 23-ე, 30-ე საჯარო სკოლებისა და ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეთა თვითმმართველობებს.
პროექტი „ქუთაისის სკოლების თვითმმართველობათა ქსელი“ ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს საინიციატივო ჯგუფმა, ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით განახორციელა.
პროექტი მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, საუკეთესო გამოცდილებისა და იდეების გაზიარებას, მოსწავლეებში ლიდერული, ორგანიზაციული თუ საკომუნიკაციო უნარების განვითარებას და სასკოლო გარემოში დემოკრატიული კულტურის გაძლიერებას.
