ქუთაისსა და თბილისში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს.
ინფორმაცია ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა გაავრცელა. გრიგოლ გოგოჩაშვილის განცხადებით, დაკავებულებს შორის არიან საქართველოს, ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ობიექტების მფლობელები და ადმინისტრატორები მათ განკარგვაში არსებულ ფართებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასაქმებდნენ და მათ პროსტიტუციაში ხელს უწყობდნენ.ისინი თბილისსა და ქუთაისში არსებულ ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდნენ.
მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი მიღებული თანხის ნაწილს თავადაც იღებდნენ.
მოპოვებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ ობიექტების ძირითად შემოსავალს პროსტიტუცით გამომუშავებული ფულადი თანხა წარმოადგენდა.
გამოძიება სსკ-ის 254-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა გრიგოლ გოგოჩაშვილმა.
