ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფელ კურსებში განვითარებული მეწყრული პროცესის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ზაუტაშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა მოინახულეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები სასტუმროებში დროებით დაბინავებული ოჯახების მდგომარეობას გაეცნენ, არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს და დროული რეაგირებისთვის გასატარებელი ღონისძიებები დაგეგმეს.
დაზარალებულ ოჯახებს, ასევე მიაწოდეს ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზონაში არსებული ვითარების შესახებ.
ტყიბულის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწევა, პარალელურად, ოპერატიულად ხორციელდება მათი სრულად უზრუნველყოფა პირველადი საჭიროების ნივთებით, პროდუქტითა და მედიკამენტებით.
სტიქიის ზონიდან 45 ოჯახი ევაკუირებულია და ისინი ტყიბულისა და ქუთაისის სასტუმროებში არიან დაბინავებული.
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მეექვსე კილომეტრზე მოძრაობა შეწყვეტილია, რადგან ჩამოწოლილი მიწის მასამ გზა დააზიანა.
ქუთაისის მიმართულებით ავტოტრანსპორტი მოძრაობს სოფელ მაღაროს გავლით, ადგილობრივი მნიშვნელობის გზით.
სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო შექმნილი საგანგებო შტაბი მუშაობას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს.
