საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაუქმდა გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვას გულისხმობდა. სანაცვლოდ მსგავს ავტომანქანებზე განბაჟების თანხა გაიზრდება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში, კერძოდ შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე ანუ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე, დაწესდება განბაჟების 4,5-ლარიანი ტარიფი ერთ კუბზე, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული. შემოყვანის აკრძალვა ჩანაცვლდება შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე. სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახევი ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ ამ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესაბამისი კერძო სუბიექტების ინტერესებს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, რაზეც ფართოდ იყო გაშლილი მსჯელობა საზოგადოებაში“, - განაცხადა კობახიძემ
