ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დამეწყრილ სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში გარემოს ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალის წარმომადგენლები,ასევე ხარაგაულის მერი იმყოფებოდა. სპეციალისტებმა მდინარე ყარნებაზე არსებული წყლის შეგუბების კერა კიდევ ერთხელ დაათვალიერეს და მიმდინარე პროცესები დეტალურად შეაფასეს.
შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე დაგუბებული წყლის მოცულობა არ წარმოადგენს კრიტიკულ მასას და არ ქმნის მომეტებულ საფრთხეს არც მოსახლეობისთვის და არც მიმდებარე ინფრასტრუქტურისთვის, მათ შორის — რკინიგზისა და საავტომობილო გზისთვის.
სპეციალისტების ინფორმაციით, მდგომარეობა სტაბილურია — წყლის დონე, კლიმატური პირობების ცვლილების მიუხედავად უცვლელია. კალაპოტი, რომელიც მდინარის ბუნებრივი გამოდინების უზრუნველსაყოფად გაიჭრა, ფუნქციონირებს სრულად და დამატებით გაფართოებულია, რაც ზრდის გამტარუნარიანობას.
