ხარაგაულში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის აშენება იგეგმება.
ხარაგაულის სპორტული კომპლექსი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა აშენდეს და მოეწყოს მულტიფუნქციური სივრცეები, ცურვის, სინქრონული ცურვისა და წყალბურთისთვის განკუთვნილი აუზი.
კომპლექსი გააერთიანებს, ასევე, საბავშვო აუზს, სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზებს, სამედიცინო, ფიზიოთერაპიის და მწვრთნელების ოთახებს.
ხარაგაულში იგეგმება, ასევე, საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.

თანამედროვე მულტიფუნქციური ცენტრი და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი აშენდება ზესტაფონშიც.
მულტიფუნქციური ცენტრი სხვადასხვა სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობას გააერთიანებს, ხოლო საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი შექმნის თანამედროვე სავარჯიშო გარემოს, რაც ხელს შეუწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარებასა და რეგიონში სპორტის პოპულარიზაციას.

120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინოულში.
სკოლაში მოეწყობა თანამედროვე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და სამეცნიერო ლაბორატორია.
ასევე, გათვალისწინებულია კვების სივრცის, ადმინისტრაციული და მუსიკის ოთახების, მრავალფუნქციური და სპორტული დარბაზების, სათამაშო მოედნის და ეზოს მოწყობა.

პროექტი საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4.9 მლნ ლარს შეადგენს.
