გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინა.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა ოზურგეთის, ხონისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში.
სამართალდამრღვევებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მდინარეების - სუფსის, ცხენისწყლისა და მტკვრის კალაპოტებიდან უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 60 კუბურ მეტრამდე მოცულობის ქვიშა-ხრეში.
ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება და სერიოზული ეკოლოგიური შედეგებიც შეიძლება მოყვეს; მათ შორის: მდინარის კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, რამაც შეიძლება გამოიწვის სავარგულების მიტაცება, გაუვარგისება, ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.
