ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ხემაღალსა და ღვერკში, სტიქიის ზონაში, მდინარე ყარნებაზე არსებული წყლის შეგუბების მდგომარეობა შესწავლილია გეოლოგებისა და ჰიდროლოგების მიერ.
,,სპეციალისტების შეფასებით, ამ ეტაპზე დაგუბებული წყლის მოცულობა არ წარმოადგენს კრიტიკულ მასას და არ ქმნის მომეტებულ საფრთხეს მიმდებარე ინფრასტრუქტურისთვის, მათ შორის რკინიგზისა და საავტომობილო გზისათვის.
აღნიშნული ლოკაციის მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში, როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ.
დღეის მდგომარეობით, გარემოებები არ შეცვლილა და არ არსებობს წყლის შეგუბებასთან დაკავშირებული პანიკის შექმნის საფუძველი.
სამსახურების ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეგუბებული წყლის მასა არ იმატებს; ხდება წყლის გამოდინება არსებული არხის მეშვეობით, ხოლო შემოსული და გამავალი წყლის მოცულობები ერთმანეთის მიმართ თანაფარდობაშია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ინფორმაციის მიღების მიზნით დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს.,,-ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია.
სოციალურ ქსელში მოქალაქე მარადი გელაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რკინიგზის მთავარი მაგისტრალის თავზე წყლის დაგუბებაა. სიღრმე დაახლოებით 10 -15 მ. სიგრძე 700+ მ. სიგანეც იქნება 70/80 მ.-ის ფარგლებში.

,,მდინარე ჩაკეტა მთის ფერდობიდან ჩასულმა მიწამ, რომელიც უკვე თვეებია წყლით იჟღინთება. რაც დრო გადის , წყლის დონე იმატებს. თოვლიც დნება მთაში, გაზაფხულის უხვი ნალექიც წინ გველოდება, ასევე დაკარგულია წყაროები. აქ რა შეიძლებამოხდეს, წარმოდგენაც არ მინდა.,,-მარადი გელაშვილი.
