გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 5 თვეში, 2025 წლის 23 აგვისტოდან 2026 წლის 23 იანვრის ჩათვლით, 818 სამართალდარღვევა გამოავლინეს.
სამართალდარღვევების უმრავლესობა აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია, 8 ფაქტი კი, უკანონო ნადირობის, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ფაქტები დაფიქსირდა კახეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში. სამართალდამრღვევებმა თელავის, ყვარლის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში უკანონოდ მოინადირეს „წითელი ნუსხით“ დაცული 3 ერთეული კავკასიური მურა დათვი, 2 არჩვი და 1 შველი. სამტრედიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 11 ერთეული გარეული ფრინველი.
ნადირობის სეზონის გახსნიდან 5 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 595 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი.
