გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 6016 ფაქტი გამოავლინეს.
3448 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 1089 - ბათუმში, 837 - ქუთაისში, 642 - რუსთავში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარატამენტი ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი - გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილულ გამონაბოლქვს 2023 წლის სექტემბრიდან ამოწმებს.
გამონაბოლქვის კონტროლს დეპარტამენტის 15 ეკიპაჟი ახორციელებს.
2024 წელს დეპარტამენტმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 5562 ფაქტი გამოავლინა; 2025 წელს კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხ მსხვილ ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი) გაცილებით მეტი მანქანის შემოწმება და 454-ით მეტი ფაქტის გამოვლენა მოახდინეს.
