გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის ძირითად გამომწვევ მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა სახელდება.
ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ტყის ხანძრების რამდენიმე კერა ფიქსირდება. ცეცხლი ტყის საფარის დაბალ ფენას - ეკალ-ბარდებს უკიდია. ხანძრის კერები თითქმის ყველა რეგიონში ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
,,აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის გამო, გამოიწვევს დაჯარიმებას. ,,-ეროვნული სატყეო სააგენტო.
