გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2233 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 797 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტია, 316 - სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით დანაგვიანების, 264 - მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა, 212 - კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება, 58 - ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება, 44 - კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენისა და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნების დარღვევა, 37 - სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 505 კი, სხვა დარღვევაა.
აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი - 569 ფაქტი გამოვლენილია ქვემო ქართლში.
375 სამართალდარღვევა დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 330 - კახეთში, 219 - აჭარაში, 165 - შიდა ქართლში, 91 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 73 - სამცხე-ჯავახეთში, 70 - იმერეთში, 41 - გურიაში, 11 ფაქტი კი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.
სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც; 2025 წლის 10 თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 289 ფაქტი გამოავლინეს.
