საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
ტექნოლოგიური ჰაბი პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდება.
ამ დროისთვის დასრულებულია გარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ტექნოპარკის შესასვლელის მხრიდან საავტომობილო გზის, სკვერის, მწვანე საფარის და გარე განათების, მწვანე ღობის მოწყობის სამუშაოები.
მიმდინარეობს სარწყავი სისტემის მოწყობა, დაგეგმილია ტერიტორიის გამწვანება.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, 3D პრინტერების ლაბორატორია, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები სტუდენტებისა და სტარტაპებისთვის.
ტექნოლოგიური ჰაბისთვის შესყიდულია საქართველოში პირველი მეტალის 3D პრინტერი, რომლის მეშვეობითაც სტარტაპებს, ინჟინრებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მეტალისგან შექმნან რთული, მაღალი სიზუსტით დამზადებული კომპონენტები.