ჭიათურელი მაღაროელები 182 დღეა უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან.
,,ეს მხოლოდ პროტესტი კი არა, სოლიდარობის გამოხატულებაა — ჩვენ ვდგავართ და ვიდგებით აქ მანამ, სანამ ჩვენი ოთხი უსამართლოდ დაკავებული მეგობრის ბედი საბოლოოდ არ გაირკვევა. ჩვენი მოთხოვნა ერთია: მათი დაუყოვნებელი გათავისუფლება.
აქ მყოფებმა თითქმის დავივიწყეთ საკუთარი ოჯახები, პირადი პრობლემები და უამრავი სირთულე, რომლებიც ყოველდღიურად გვხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ ჭორებს და ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, ჩვენ მაინც შეუპოვრად ვაგრძელებთ სოლიდარობას ჩვენი მეგობრებისადმი.
ვინც ჩვენზე სხვა წარმოდგენები გაქვთ, გთხოვთ, ერთი წუთით წარმოიდგინეთ თავი ჩვენს ადგილას: თქვენ მიატოვებდით თქვენს მეგობრებს? იმ ადამიანებს, რომელთა დიდი წვლილია, რომ დღეს ჭიათურაში შრომობთ და ცხოვრობთ? ჩვენ ვერ მივატოვეთ. პირად და ოჯახურ კეთილდღეობაზე უარი ვთქვით, რადგან მეგობრობა და სამართლიანობა უფრო მნიშვნელოვანია.
აქ ყოფნა არც მარტივია, არც კომფორტული — კარავში ცხოვრება მძიმეა, თან ამავდროულად ვზრუნავთ ციხეში მყოფ მეგობრებზეც. ეს ბრძოლა სავსეა გამოწვევებით, მაგრამ ჩვენ არავის არაფერს ვამადლით და თავს არავის ვაცოდებთ. უბრალოდ, ახლა განსაკუთრებით გვჭირდება საზოგადოების დახმარება.
დღეს გაკეთებული სიკეთე განსაკუთრებით მადლიანი იქნება თითოეულისთვის.
ქვემოთ გიზიარებთ ანგარიშის ნომერს. თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში, გთხოვთ, შემოგვიერთდით და შეიტანეთ წვლილი ჩვენსა და იმ ბიჭების თანადგომაში.
#GE40BG0000000604733786,,-წერია მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.